X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

შეხვედრა სოფელ დუისის სკოლის მასწავლებლებთან და მშობლებთან

2 აპრილი 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძესთან და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან - ალექსი ფიცხელაურთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის  სოფელ დუისის სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.

დუისში, 800 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა.

მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დუისის სკოლის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით წარსულში გარკვეული პრობლემები არსებობდა.

მან მოსახლეობასა და პედაგოგებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ პროცესი დროში გაიწელა და აღნიშნა, რომ მსგავსი სირთულეები, სამწუხაროდ, ბევრ სოფელს შეეხო, მათ შორის ქალაქების ნაწილსაც.

მინისტრის თქმით, ყველაზე დიდი ფასი სიტყვას აქვს, ამიტომ საზოგადოებას მხოლოდ რეალურ მდგომარეობაზე ესაუბრა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლის პროექტირება, რომელიც მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები და, არსებული გეგმით, სკოლის მშენებლობის დაწყება სექტემბერშია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამშენებლო სამუშაოები დროულად დაიწყოს და პროცესი მაქსიმალურად ვადებში განხორციელდეს. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მუდმივი მონიტორინგისა და ხარისხის კონტროლის მნიშვნელობას, რათა აშენდეს ისეთი შენობა, რომლის პრობლემაც ათწლეულების განმავლობაში აღარ დადგება.

შეხვედრაზე რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა ახმეტაში დაგეგმილ სპორტულ ინფრასტრუქტურაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვებსა და ახალგაზრდებს ჰქონდეთ წვდომა სათანადო სპორტულ სერვისებსა და თანამედროვე სივრცეებზე.

დასასრულს, მინისტრმა დუისის და ზოგადად პანკისის ხეობის მოსახლეობას პატივისცემა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, შემდეგ შეხვედრაზე მათ უფრო გამართულად და მეტი კონკრეტული შედეგით შეხვდება.